Monday, October 18, 2010


2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში წერია, რომ ომის პერიოდში ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის გეგმა არ არსებობდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო თავდაცვის 414 თავშესაფარი არსებობს, ომის დროს თავშესაფრად არც ერთი მათგანი აღარ გამოდგება. 414-დან 123 თავშესაფარი თბილისში მდებარეობს. მათი უმეტესობის ადგილმდებარეობა დღემდე გრიფით საიდუმლოა. თავშესაფრები ბერიას "ეპოქაში" გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს. მათი უმეტესობა უბრალო, საცხოვრებელი სახლების ქვეშ მდებარეობს და იმდენად ძველია, რომ ან წყლითაა დფარული, ან კედლებია ჩამონგრეული.
თავის დროზე სამოქალაქო თავდაცვის ნორმები გათვალისწინებული იყო თბილისის მეტროს მშენებლობისასაც. მეტრო ისე აშენდა, რომ ომისა და ევაკუაციის დროს ხალხისთვის თავშესაფრის ფუნქცია შეესრულებინა. არსებობს საიდუმლო გვირაბები, აგრეთვე ყველა სადგურზე, გასასვლელებში დატანებულია რკინის კარებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იკეტება. თუმცა როგორც ჯიპას სტუდენტებთან შეხვედრისას პოლკოვნიკმა ჯუმბერ ხაბურძანიამ აღნიშნა, დღეს თბილისის მეტროს გვირაბების არც სიღრმე კმარა და არცგამძლეობა თანამედროვე ტექნიკისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მიუხედავად ამისა, სწორედ იმ მიზეზით რომ მეტრო ომის დროს თავშესაფარია, დღეს ყველა სადგურზე ფოტო და ვიდეო გადაღება სპეციალური ნებართვის ქონის გარეშე აკრძალულია.
სამოქალაქო თავდაცვის სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გია გეწაძემ ის გააუქმა. დღეს ყველა ადამიანი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომს შეისწავლის ერთხმად თანხმდება, რომ საქართველოში არანაირი სამოქალაქო თავდაცვა არ არსებობს. არ არის შეტყობინებების, ევაკუაციის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ომიდან 2 წლის შემდეგაც კი ამ მხრივ არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა.
ერთადერთი "ნაბიჯი" იყო ის, რომ საქართველოს 15 სკოლაში სამოქალაქო თავდაცვის საგინს პილოტირება დაიწყო, თუმცა რეალურად სკოლების უმრავლესობაში ეს საგანიც კი უბრალოდ არ ტარდება.


საქართველოში ყოველთვის ასეა, მაინც და მაინც საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ ნებისმიერი რამე, რომ მივხვდეთ მის აუცილებლობას.   თუმცა საკუთარ თავზე გამოცდის შემთხვევაშიც კი ხშირად არანაირი რეაგირება არ ხდება. იგივე შთაბეჭდილება დამრჩა აგვისტოს ომის დროს გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგაც, რომლის ყურება ჩვენს ბლოგზეც შეგიძლიათ. სრულიად გამოუცდელი ჟურნალისტები, ყოველგვარი აღჭურვილობისა და მითითებების გარეშე ომში აღმოჩნდნენ. ზოგს ეს გამოუცდელობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ვისაც "გაუმართლა" მეორე ჯერზე მეტი გამოცდილება ექნება, თუმცა რეალურად ომის გაშუქებას ჟურნალისტებს არ ასწავლიან. ვინც ომი გააშუქა, მხოლოდ ისინი თუ გაგვიზიარებენ თავიან გამოცდილებას. ჯიპას ჟურნალისტებს "გაგვიმართლა" და ოდნავ მეტი მოვისმინეთ, მაგრამ რეალურად ეს საკმარისი არაა. ქართველი ჟურნალისტები ამ საკითხზე არაფერს სწავლობენ, სანამ ისევ საკუთარ თავზე არ მოუწევთ ყველაფრის გამოცდა.
























ანი ბერუკაშვილი


1 comment:

  1. პოლკოვნიკი ჯუმბერ ხაბურძანია არ არის ინფორმირებული ალბათ არც თბილისის მეტროს დაცულობის და არც თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შესახებ,
    თბილისის მეტრო ატომურ აფეთქებაზეა გათვლილი. ზუსტად რამდენ კილოტონაზე ეგ უცნობია.
    ვერც რუსული საუკეთესო ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი კაბ-1500ლ-პრ უზავს მეტროს რამეს.

    ReplyDelete