ირინა კვანჭახაძე
პროფესიათა ვრცელ ჩამონათვალში, ალბათ, ცოტაა ისეთი, რომელიც ადამიანს გარეგნულად ეტყობა. არსებობს ისეთი თანამდებობა, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, განათლება და პროფესიონალიზმი, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანში პატივისცემის გრძნობასა და რიდს იწვევს. დილის 10 საათზე, სწორედ ასეთი ადამინი დამხვდა აუდიტორიაში, რომელიც სამხედრო ჟურნალისტიკის სფეროში, მომდევნო ორი საათის განმავლობაში, სტუდენტებს პირად გამოცდილებას გაგვიზიარებდა.
1990 წლიდან, ნატოში შემავალმა ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ მედიის არსებობის უარყოფა უშედეგოა, რადგან უნდა აღვიქვათ არსებული რეალობა და შევეგუოთ ფაქტს, რომ მედია არსებობს და ვითარდება. აქედან გამომდინარე, დასავლეთმა გადაწყვიტა შეემუშავებინა სტრატეგია, რომლითაც მედია აქტიურად იქნება ჩართული იქ, სადაც კონფლიქტი და ომია. სახელმწიფოების მხრიდან ასეთი „შემრიგებლური“ ტონი მიუთითებს იმაზე, რომ მედიას ვერ გავექცევით. სახელმწიფოების მხრიდან მედიის „აღიარებას“ კონფლიქტებსა და ომებში მოჰყვა ურთიერთვალდებულებების წესდება, რომელიც დამუშავებისა და პილოტირების განმავლობაში სრული სახით ჩამოყალიბდა. დღესდღეობით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებული ქვეყნები და მედია ამ ერთობლივი სტრატეგიითა და წესდებით ხელმძღვანელობს. აღნიშნული წესდება, გარდა სქემატური აგებულებისა არის გაწერილი, სადაც ნებისმიერმა ჟურნალისტმა იცის, რომ კონფლიქტისა და ომის დროს ინფორმაციის ორგანიზების გეგმას ბრძანების სახით მეთაური გასცემს. სამხედრო მეთაურის კომპეტენციაში შედის:
· ჟურნალისტის აკრედიტაციისა და მედიის წარმომადგენლის დამტკიცების საკითხი;
· კონკრეტული ჟურნალისტის ამა თუ იმ სამხედრო დანაყოფებისთვის მიმაგრება;
· მედიის წარმომადგენლებისთვის ყოფითი პირობების შექმნა;
· მომარაგება-საკვები, საწვავი, ჯავშანჟილეტი;
· ტრანსპორტირება;
· ტექნიკური უზრუნველყოფა;
· ახალ ამბებზე მედიის პასუხისმგებლობის საკითხი, მასალების დაგზავნის პასუხისმგებლობა;
· გამოყენებული, გადაღებული მასალები, ახალი ამბების თანმიმდევრობა და ბრიფინგები - ყველაფერი ეს განიხილება და უთანხმდება უშუალოდ მეთაურს.
ზემოთ მოყვანილი წესდება და პუნქტების ჩამონათვალი გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ რომ თავიდან აიცილონ ჟურნალისტების ისეთ ადგილებში აღმოჩნა და ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რაც დააზარალებს სახელმწიფო ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტებისთვის შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ სამხედრო მეთაური თავისი მოვალეობებით ზრუნავს საკუთარი ქვეყნის მედიაზე და ცხელ წერტილებში მომუშავე ჟურნალისტებს აძლევს იმხელა თავისუფლებას რამდენადაც ეს შესაძლებელი და უვნებელია, ასევე ჟურნალისტი აღნიშნული წესდების დაცვით, ასრულბს თავის პროფესიულ მოვალეობას ისე, რომ არ არღვევს კანონს და იცავს როგორც სახელმწიფო საიდუმლოებას, ასევე სახელმწიფო ინტერესებს.
ქართული მედიის ფონზე ზემოთ მოყვანილი მოდელი რაღაც არარეალურად და ამავდროულად, ყველაზე საჭიროდ გვეჩვენა, მაშინ როცა ქართული მედიისა და ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე ძალიან ბევრს საუბრობენ. აშკარა დილეტანტიზმი, სრულიად მოუმზადებელი და ფაქტობრივად, „შიშველი“ ჟურნალისტები 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვნახეთ. დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით ტრენინგომანიაა, მაგრამ არავის მოსდის აზრად მოამზადოს ჟურნალისტები, რომლებიც მიდიან კონფლიქტსა და ომში მოვლენების გასაშქებლად. ბევრმა ჟურნალისტმა არ იცის, რომ ცხელ წერტილებში არ უნდა ეცვას სამხედრო ფორმა ან წითელი ფერის სამოსი, რომლის ტარების შემთხვევაში მტრის პირდაპირი სამიზნე ხდები. არ უნდა ვიდგეთ წინა ხაზებში და ტყვიების პირისპირ, რადგან არცერთი ინფორმაცია არ ღირს სიცოცხლის ფასად! ასეთ მძიმე პირობებში მუშაობისას უნდა ვიცოდეთ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია, კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომელიც დაგვიცავს ისეთი ქმედებისგან, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს. ეს ყველაფერი ელემენტარული დეტალებია, რაზე დაყრდნობითაც შეგვეძლება შევქმნათ უკვე ჩვენთვის რეალური წესდება, რომლის მიხედვით, უცხოელი ჟურნალისტების მსგავსად ყოველთვის გვექნება საჭირო ინფორმაცია და ვიქნებით ჩვენი საქმის პროფესიონალები.
იმედია, ახლო მომავალში, ჩვენი სტუმრის მსგავსად, ვიღაც ისაუბრებს ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე.
No comments:
Post a Comment