2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მოვლენების გასაშუქებლად მოუმზადებლები იყვნენ წასულნი. ამიტომაც ბევრმა მათგანმა უპატიებელი შეცდომები დაუშვა.
უპირველეს ყოვლისა, ეს იმის ბრალია, რომ ისინი არ იყვნენ მომზადებულები სულიერად და ფსიქოლოგიურად. ომში ნებისმიერი ჟურნალისტის სპონტანურად გაგზავნა, რა თქმა უნდა, არასწორი ნაბიჯია რედაქტორისა და პროდიუსერის მხრიდან. თუმცა, არსებობენ ისეთი ჟურნალისტებიც, რომლებიც თავიანთი ნებით მიდიან. მიდიან იმიტომ, რომ მათი მოწოდებაა ცხელი წერტილებში ყოფნა და იქიდან მოვლენების გაშუქება. ასეთი ჟურნალისტები მიდიან დამოუკიდებლად, მათ უყვართ ექსტრემალური პირობებში მუშაობა.
აგვისტოს ომის დროს, ქართველმა ჟურნალისტებმა არ იცოდნენ ელემენტარული წესები, რომელიც ყველა ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ომის გაშუქებისას.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ, საქართველოს კანონის, 21–ე მუხლი გვეუბნება, რომ :
„ჟურნალისტს უფლება აქვს თავისი მოვალეობის შესრულებისას შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და შეხვდეს თანამდებობის პირებს, ჩაიწეროს მასალა ნებისმიერი საშუალებით, დაესწროს და აქტიურად გააშუქოს მასობრივი ღონისძიებები, საზოგადოებრივი თავყრილობები, მიტინგები, დემონსტრაციები, დაუბრკოლებლად ჩავიდეს სტიქიური უბედურების რაიონებში, ასევე, ისარგებლოს ნებისმიერი საარქივო მასალით, საიდუმლო და სპეცფონდებით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას ან პიროვნების პირად ცხოვრებას ეხება“
ჟურნალისტის ეს უფლებები იზღუდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის დროს. და მისი შეზღუდვა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს.
ამ უფლებების შეზღუდვის მიზანი გასაგებია. ომი და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტს უფლება არ აქვს გამოაქვეყნოს ყველანაირი მასალა. ეს ეხება სახელმწიფო საიდუმლოებებს და ასევე, ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ უნდა გაშუქდეს. მაგალითად, სამხედრო ძალების გადაადგილების დრო, ადგილი, მიმართულება და ა.შ. ეს არის სამხედრო საიდუმლოება, რომლის გაშუქების უფლება მედიის წარმომადგენელს არ აქვს.
ქართველი ჟურნალისტები კი საქართველოს სახმელეთო ჯარების, შეიარაღებული ქვედანაყოფების გადაადგილებას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. ეს ერთი მხრივ, ხალხს პანიკაში აგდებდა და მეორე მხრივ, ისინი ამით მოწინააღმდეგეს ფაქტობრივად სასურველ ინფორმაციას აწვდიდნენ.
მათ არ იცოდნენ ომში მოქცევის წესები და არ იცავდნენ უსაფრთხოების წესებს. არ ეცვათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, შედიოდნენ სახიფათო ადგილებში. ამ შეცდომებს რამდენიმე ჟურნალისტი შეეწირა კიდეც.
ომის დროს ქართველი ჟურნალისტები უშვებდნენ ისეთ შეცდომებსაც, რაც პროფესიონალმა ჟურნალისტმა არ უნდა დაუშვას. ერთ–ერთია მოვლენის ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქება.
ქართული მედიასაშუალებების მიერ გაშუქებული მიმდინარე მოვლენები ძირითადად დაუბალანსებული იყო. სტატიები და სიუჟეტები ძირითადად ქართულ ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობოდა. ძალიან მწირი ინფორმაცია მიეწოდებოდა აუდიტორიას კონფლიქტის ზონის მეორე მხარეს არსებული სიტუაციის შესახებ. ესეც მოუმზადებლობის გამო მოხდა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟურნალისტები ვერ არიდებდნენ თავს ემოციებს, რაც ცალკეულ მასალებში ნათლად შესამჩნევია. ასევე, არასწორი იყო ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა აგრესორი და ოკუპანტი.
2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი ერთგვარი მაგალითიც კია ჟურნალისტებისათვის, მათ უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება დაგროვილი და შანსი იმისა, რომ იგივე შეცდომები დაუშვან ახლა შედარებით დაბალია.
არსებობს ასეთი ცნება war reporting, რომელიც სამხედრო ჟურნალისტიკას ნიშნავს. ამ ცნების არსებობა გულისხმობს იმას, რომ ყველა ჟურნალისტი ვერ გააშუქებს სამხედრო საკითხებს. ამგვარი თემების გაშუქებას სპეციალური ცოდნა სჭირდება, სამხედრო ჟურნალისტს ჩვეულებრივი ჟურნალისტისგან განსხვავებით სხვა უნარ–ჩვევები უნდა ჰქონდეს გამომუშავებული. ყველა ჟურნალისტი ვერ შეძლებს კონფლიქტის და ომში მიმდინარე მოვლენების გაშქებას, სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით რეპორტაჟების თუ სტატიების მომზადებას.
საქართველოში ბოლო პერიოდში თითქოს უფრო წამოვიდა სამხედრო ჟურნალისტიკის ცნება. ეს ძალიან კარგია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამგვარ შეცდომებს ქართველი ჟურნალისტები აღარ დაუშვენებენ და ომის გასაშუქებლად მხოლოდ სამხედრო ჟურნალისტები წავლენ.
No comments:
Post a Comment