სახელმწიფოს ევალება შექმნას სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები ან გარკვეულ ობიექტებს მიანიჭოს თავდაცვის ობიექტების სტატუსი, მაგალითად, მეტროებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემებს, ჰქონდეს სამედიცინო და საკვები პროდუქტის მარაგი _ ეს სამოქალაქო თავდაცვის და სახელმწიფოს მოვალეობის ერთი მხარეა.
მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას თავად უნდა შეეძლოს სისტემურად იმოქმედოს საგანგებო ან საომარი ვითარების დროს. მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთისთვის როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ასევე უნდა ჰქონდეს კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების უნარი.
2008 წლის 8 აგვისტომ საქართველოს მოსახლეობას დაანახა, რომ ისინი არათუ მზად არ არიან ომისთვის, არამედ არ იციან როგორ მოახერხონ შესაფერისი თავდაცვა, როგორ დარჩნენ უვნებლები და როგორ მიიღონ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი.
ომის დაწყების დღიდანვე თბილისის თითქმის ყველა სუპერმარკეტში გამოილია პური, ფქვილი, ბრინჯი, ზეთი და სხვა საკვები პროდუქტი. სამაგიეროდ მანქანების გრძელი ჯაჭვი გაჩნდა კახეთის გზატკეცილზე.
8–13 აგვისტოს ჩათვლით მთელ ქალაქში ვრცელდებოდა ერთმანეთზე უფრო საშიში და არადამაჯერებელი ხმები _ რომ რუსები მცხეთასთან არიან, რომ ვიღაცამ გლდანთან საკუთარი თვალით ნახა ტანკები (საქართველოსი თუ რუსეთის, სულ ერთია). რადიოსადგურები და ტელევიზიები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იუწყებოდნენ _ რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ჭორებს.
ომის შემდეგ სოციალურ ქსელებში სამოქალაქო თავდაცვის საკითხი მთავარი თემა გახდა.
– „ნამდვილად ძალიან საჭირო თემაა. კარგად ორგანიზებული სამოქალაქო თავდაცვა საომარ პირობებში როგორც მინიმუმი ამცირებს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში , გამორიცხავს სამხედროებისათვის ხელის შეშლას და მათ მოცდენას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის. ეს როგორც მინიმუმი.“
– „ასევე დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, როცა იცი რა უნდა ქნა, სად წახვიდე, ვინ დაგეხმარება და ასე შემდეგ. ასევე ამცირებს პანიკას და ქაოსს“.
_ ამბობენ ფორუმ.ჯის მომხმარებლები. მათ საუბრებში აქტუალურია თბილისის ევაკუაციის გეგმა, ბუნკერები, სამოქალაქო თავდაცვის სწავლების საკითხი სკოლებში და ა.შ.
2010 წლიდან თბილისის რამდენიმე საპილოტე სკოლის გაკვეთილების ცხრილში ახალი საგანი, სამოქალაქო თავდაცვა გაჩნდა. მოსწავლეებს სწორედ იმ საკითხებზე ესაუბრებიან, რაც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს კრიზისულ სიტუაციაში.
ირინა ალიაშვილი
ირინა ალიაშვილი
No comments:
Post a Comment