ირინა კვანჭახაძე
თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის კარი ჟურნალისტებისთვის ხშირ შემთხვევაში დახურულია.
დღეს, არ ვიცი, სტუდენტის სტატუსის საპატივცემულოდ თუ გამონაკლისის დაშვების მიზნით სამინისტროს კარი 1 საათით გაიღო და 21 სტუდენტი - ჟურნალისტი პირდაპირ ბრიფინგის ოთახში მოვხვდით. ჩვენი შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათის უფრო იყო, ვიდრე პრესკონფერენციის, რომელიც საქართველოს ისტორიას უახლოესი 5 წლის მანძილზე აღარც კი ახსოვს...
თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე შეხვედრის დასაწყისში დაინტერესდა ვიცოდით თუ არა რაში სჭირდება ქვეყანას ჯარი. ამ კითხვაზე პასუხით ინტელექტის გაზომვა და სავარაუდოდ, ამის მიხედვით საუბრის აწყობა ჰქონდა დაგეგმილი. კარგადაც გამოუვიდა. ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხიც არ იყო რთული- ჯარის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციას მოწინააღმდეგის შეკავება წარმოადგენს. სამინისტროში ამ შეხვედრის მისია ძირითადად სამოქალაქო თავდაცვის საკითხის უფრო სიღმისეული განხილვა და ჯარის აწყობის სტრუქტურაში გარკვევა იყო, მაგრამ ამ სამინისტროდან ისე ვერავინ გავიდოდა 2008 წლის, აგვისტოს „წაგებულ - მოგებული“ ომი რომ არ ეხსენებინა. თემიდან აცდენილებმა მაინც ვერ მივიღეთ ამომწურავი და დამაკმაყოფილებელი პასუხები ომის შესახებ, თუმცა ის კი ნათლად გავიგეთ, რომ თბილისში რუსების შემოსვლას ჩვენმა პროფესიულმა ჯარმა შეუშალა ხელი. ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის წყალობით გადარჩა თბილისი,მაგრამ არავინ იცის ჩვენ რას გადავურჩით. ბატონი ნოდარის თქმით, რუსეთი ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი აღარაა, როგორიც იყო საბჭოთა პერიოდის დროს, როცა 60-იან წლებში ყველასგან დამოუკიდებლად ჩეხეთისა და უნგერთის ანექსია მოხდა. აგვისტოში ჩამოგდებული ბომბების 60% არ აფეთქდა, დანარჩენი კი რუსეთის ძველმა თვითმფრინავებმა მიზანში კარგად ვერ დაუმიზნეს. ოფიციალური ინფორმაციით, ჩვენმა ჯარმა მოწინააღმდეგის 20 თვითმფრინავის დაზიანება შეძლო, აცხადებს მინისტრის მოადგილე.
2007 წლის, მილიარდიანი დაფინანსება პროფესიულ ჯარს 750.000 ლარამდე შეუმცირდა, თუმცა ჯარს სრული მანევრირებისთვის ფინანსები არასდროს ჰყოფნის. მიუხედავად შემცირებული ბიუჯეტისა, სამხედრო მოსამსახურეს თვეში 800 ლარი და შაბათი-კვირა დასვენების დღეები აქვს. პროფესიულ ჯარში, ჯარისკაცი 4 წლიან კონტრაქტს აფორმებს, რომლის კიდევ 4 წლით გაგრძელება სურვილის მიხედვით, შესაძლებელია. გამომდინარე აქედან, ჯარში მსახურობა ერთ-ერთ პრესტიჟად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა პროფესიული არმიისა, დღევანდელი მონაცემებით, წვევამდელი ჯარის 2000 მოსამსახურე ჰყავთ, რომელთა ძირითად ფუნქციას დაცვა წარმოადგენს, მათი გრაფიკი თვეში 10 სამუშაო დღეს გულისხმობს. კანონით 3000 გამოძახების უფლება აქვთ. პროფესიონალ ჯართან ერთად სამინისტრო დიდი რეზერვის ყოლასაც გეგმავს, რომლის ფუნქციაც ზურგის მხრიდან თავდაცვა იქნება. 2008 წლისგან გასხვავებით, 18 დღიანი რეზერვი, წელიწადში 45 დღემდე გაიზრდება. ახლო მომავალში ჩამოყალიბდება ორი სახის რეზერვი: 1. იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული სამხედრო განათლება და მომზადება გაივლიან ინტენსიურ 45 დღიან გადამზადებას, 2. მეორე ხარისხის რეზერვი შედარებით ნაკლები დატვირთვის მატარებელი იქნება, რომლის ფუნქცია ძირითადად ლოჯისტიკით შემოიფარგლება. ორივე ტიპის რეზერვი საყოველთაო, აუცილებელი იქნება. 2008 წელს, მოუმზადებელი რეზერვისტების ომში წასვლა მინისტრის მოადგილემ შეცდომად ჩათვალა და მისი განცხადებით ყველანი სახლში დააბრუნეს, თუმცა თითოეულ რეზერვისტს, რომელიც აგვისტოს ომში საკუთარი სურვილით წავიდა ჯარი გავლილად ჩაეთვალა. ხარშილაძის თქმით, საქართველოს ჯარი კანადის მოდელით სარგებლობს, რაც სახმელეთოზე საჰაერო თავდაცვას გულისხმობს.
იმისთვის, რომ მოხდეს კონკრეტულ სახელმწიფოზე ჯარის გათვლა რამოდენიმე პროცედურის ჩატარებაა საჭირო: პირველ რიგში, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია იწერება, რომელშიც ქვეყნის ძირითადი ღირებულებებია გაწერილი. კონცეფციაზე დაფუძნებით ხდება საფრთხეების შეფასება, რის შემდეგაც კონკრეტული მოდელის დანერგვა და სცენარის დაწერაა საჭირო. ანალიზის მიხედვით, მუშავდება იდეალური და მინიმალური შესაძლებლობები მოწინააღმდეგესთან გასამკლავებლად. საბოლოოდ, ირჩევა რეალური, ჩვენს შემთხვევაში მინიმუთან ახლოს მყოფი შესაძლებლობები საფრთხეებთან გასამკლავებლად.
დღესდღეობით, თავდაცვის სამინისტროს # 1 პრიორიტეტად ჯარისკაცების განათლება დგას, ამისთვის აღადგინეს კადეტთა კორპუსი, რაც სამხედრო სამსახურში კვალიფიციური კადრის ყოლას ემსახურება.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენი შეხვედრაც დასრულდა და კარიც დაიხურა...
No comments:
Post a Comment