Thursday, November 4, 2010

პროფესია ჯარისკაცი


ფილმმა “უცნობი ჯარისკაცები” ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმის მსვლელობისას არც ერთი წამით არ მიფიქრია, თუ როდის დასრულდებოდა ფილმი.
      ფილმის თემატიკა ძალიან საინტერესოა, ის ჯარისკაცების ცხოვრებას ასახავს. თუმცა, ფილმი კონკრეტულად ერთი ჯარისკაცის, გურჩიანის ისტორიას მოგვითხრობს. იგი, რა თქმა უნდა, დოკუმენტური ხასიათისაა, რადგან მთლიანად  სინამდვილეზეა აგებული.
        ჩემი აზრით, ფილმის მთავარი გმირი სწორად იყო არჩეული, ის ძალიან საინტერესო პერსონაჟია. გურჩიანი აფხაზეთიდანაა. მაშინ როცა ქართველებს აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება მოუხდათ, გურჩიანი პატარა იყო. მას გამოვლილი აქვს ის გაჭირვება, რაც მაშინ დევნილებმა გადაიტანეს. აფხაზეთიდან განდევნის შემდეგ ის  კოდორის ხეობაში ცხოვრობდა.
        უკვე ზრდასრულმა გურჩიანმა ჯარში წასვლა გადაწყვიტა. სწორედ აქედან იწყება ფილმიც.
       ფილმში აღწერილია წვრთნის ეპიზოდების საოცრად შთამბეჭდავი კადრები. ყველასთვის დასამახსოვრებელი ალბათ ჯარისკაცების დასჯის მომენტებია. სერჟანტი წვიმაში და სიცივეში ჯარისკაცებს გუბეში აწვენს და ისე ავარჯიშებს. 

      როგორც შემდეგ სერჟანტმა განმარტა, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ჯარისკაცები მიეჩვიონ რთულ პირობებში ყოფნას, არ მოერიდონ, წვიმას, სიცივეს, ტალახს, უძილობას და ა.შ. ასე გაიზრდებიან ისინი ნამდვილ ჯარისკაცებად.
      ეს მართალიცაა, ვაღიარებ, რომ თითოეული ჯარისკაცი ნამვდვილი ვაჟკაცია, რადგან ყველას აქვს გავლილი ამგვარი წვრთნა.
     ფილმის პერსონაჟი ერთ მომენტში გადაწყვეტს წავიდეს ჯარიდან, თუმცა, მეგობრები მას გადააფიქრებინებენ. ის რჩება და აგრძელებს სწავლებას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ჯარისკაცები კონტრაქტებს გააფორმებენ, რის შემდეგაც მათ  ხელვაჩაურის საწვრთნელ ბაზაზე გადაიყვანენ.
    აქედან ფილმში კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდები შემოდის. დასამახსოვრებელი პატარა ბავშვის, ფრიდონ შერვაშიძის პერსონაჟია. რომელიც მშობლების გარეშე იზრდება და ჯარისკაცებთან მეგობრობს, ის ხშირად მიდის ბაზაზე და მათთან ერთად ვარჯიშობს. ბიჭის მიმართ ნათლად იგძნობა ჯარისკაცების კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაც.
     ჩემი აზრით, ფრიდონ შერვაშიძე პატრიოტიზმის ერთგვარი სიმბოლოა.
    ფილმის გადაღება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის აგვისტოს ომის დაწყების კადრებით  სრულდება.  

    2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ ფილმის მთავარი გმირი გურჩიანი, დევნილი მეორეჯერ გახდა. ის იძულებული იყო კოდორის ხეობა დაეტოვებინა.
     ფილმის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროფესია ჯარისკაცი ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. ქართველელები ჯარში მიდიან იმისთვის, რომ დაიცვან ქვეყანა და საჭირო შემთხვევაში თავიც გასწირონ. ეს ჩვენ უნდა დავაფასოთ.

თამთა ჯიჯავაძე

1 comment: