ჟურნალისტები თამაშობენ “ომობანას”
გვანცა გორდეზიანი
გიორგი ცხვიტავა: “ჯიპას სტუდენტების საყურადღებოდ! – კვირას 31 ოქტომბერს 10.30 ვიკრიბებით დელისის მეტროსთან, საიდანაც 11.00 გავდივართ ველზე. დიდი გნიასი გველის, კედებით არ წამოხვიდეთ, წყალი ერთი–ორი ბოთლი, საწვიმარი და დამცავი სათვალე თან გქონდეთ. გავდივართ ამინდის მიუხედავად. დაახლოებით 16.00–17.00 დავბრუნდებით.
30 ოქტომბერს მთელი დღე ღელვასა და შფოთვაში გავატარე, მეორე დილით GIPA-ს Jურნალისტები გიორგი ცხვიტავას “პოლიგონზე” მივყავდით. არადა ისეთი ქარი და წვიმა იყო, მეგონა ჩამოიქცეოდა ცა და ჩემი მღელვარების მიზეზიც სწორედ ეს იყო, მაგრამ გათენდა დილა და ისეთი მშვენიერი, მზიანი დარი დადგა, უკეთესს ვერ ინატრებდა ადამიანი “პოლიგონზე” გასასვლელად.
ზოგადად დაბნეული ადამიანი ვარ და ყოველთვის რაღაც მავიწყდება (მესმის, რომ საშინელი თვისებაა ჟურნალისტისთვის), ამიტომ ამ დილითაც დანიშნული ადგილის ნაცვლად, (სადაც გიორგი გველოდებოდა), კარგა ხნის ძებნის შემდეგ, პირდაპირ სტრაიკ-ბოლის მაღაზიასთან აღმოვჩნდი. თუმცა იქ რა ხდებოდა უკვე კარგად ვეღარ გავერკვიე, უამრავი სამხედროს ფორმაში ჩაცმული ბიჭი დარბოდა იარაღით ხელში (მინდა გითხრათ ისინიც საკმაოდ აჟიტირებულები იყვნენ), ზოგი ტყვიებს ყიდულობდა, ზოგი სასმელს იმარაგებდა და ა.შ. ვუარე, ვუარე გარშემო და არავინ რომ არ შემიმჩნია, ბოლოს ძალიან მორიდებით ვკითხე : “თქვენ მიდიხართ პოლიგონზე?” და როდესაც რამდენიმემ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, პასუხი აღარ დავაყოვნე: “ესე იგი ჩვენც თქვენთან ერთად მოვდივართ.” როცა ყველა შემოგვიერთდა, ჩვენ გავემგზავრეთ კიკეთისკენ.
წელიწადის ამ დროს საოცარი სილამაზეა ტყეში, თუმცა ცოტა ციოდა, მაგრამ ეს პრობლემა მალე მოგვარდა თითო-თითო ჭიქა არყის დალევის შედეგად. ამის მერე დაიწყო “თამაში”. მაგრამ მალე დამავიწყდა, რომ ეს თამაში იყო, ჩემი თავი მართლა ის “უმწეო” ჟურნალისტი მეგონა, რომელიც, ყველაზე დაუნდობელმა და ვერაგმა მტერმა მძევლად აიყვანა. თუმცა არც ასე რთულად აღმოჩნდა საქმე. ის ოთხი ჟურნალისტი, რომლებიც თავიდანვე დაგვატყვევეს, ერთმანეთს დაგვაშორეს და ცალ-ცალკე გადაგვანაწილეს მებრძოლებმა. სულ ცოტა ხანში ისეთი ტყვიების ზუზუნი გაჩაღდა, თავი მართლა პალესტინა-ისრაელის ომში მეგონა. დროდადრო ბიჭები ყვიროდნენ: “მომხვდა ტყვია, გავდივარ თამაშიდან.” ჩემი ეგრედ წოდებული ზედამხედველი ყოველგვარი გადამეტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად მექცეოდა, იმდენად კარგად, რომ მალე დავმეგობრდით კიდეც, ის თან მტრებს იგერიებდა, თან მე მათვლევინებდა რამდენი მათგანი გამოასალმა სიცოცხლეს, ბოლოს კი მითხრა, ეხლა შენი რიგიც დადგა, აიღე იარაღი ხელში და როგორც კი ფანჯარასთან ვინმე გამოჩნდება ეგრევე დაუმიზნე და ესროლეო. მეც სულ დამავიწყდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი (თანაც დატყვევებული), მაშინვე საქმეს შევუდექი და ძალიან “ბედნიერად” ვასრულებდი ჩემს ახალ მოვალეობას. არ ვიცი რა, მაგრამ ამას აქვს რაღაც თავისი მომხიბვლელობა, ესეც თავისებური ადრენალინია და მეც საკმარისზე მეტად აზარტული ადამიანი ვარ. იმდენად შევედი ეშხში, რომ გადავწყვიტე, პოლიგონზე თუ საშუალება მექნება, კიდევ ბევრჯერ წამოვალ თქო. ბევრი ჩემი კოლეგა დაზარალდა, რადგან ტყვიები მოხვდათ, ეს ტყვიები ნამდვილი არაა, მაგრამ როგორც ამბობენ, საკმაოდ მწარეა. კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ანი და ნინო ხევში დაგორდნენ, ერთმა ხელი იტკინა, მეორემ ფეხი, მაგრამ მაინც ყველა კარგ ხასიათზე იყო და წამოსვლა არ უნდოდა. მე უვნებელი გადავრჩი, ძალიან კი მიკვირს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ხიფათიანი ადამიანი ვარ მთელ დედამიწაზე. თავიდან მეგონა, მებრძოლებს ხელს ვუშლიდით ეს ამდენი “გადარეული” გოგო, მაგრამ მგონი ისინიც უფრო გახალისდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მათგანი კარგი, მეგობრული და ყურადღებიანი ადამიანია.
ყველა ჩვენი სამხედრო ჟურნალისტიკის გასვლითი შეხვედრა საინტერესოდ მეჩვენებოდა და მომწონდა, მაგრამ ამ დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, შეიძლება იმიტომ, რომ ეს რაღაც ახალი იყო ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარდა “ომობანას” თამაში და ამან სულ ცოტა ხნით ბავშვობაში დამაბრუნა, შეიძლება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რამდენად ვარ მზად ჟურნალისტობისთვის და იმ რთულ სიტუაციებში მოსახვედრად, რომელიც ამ პროფესიას ახლავს თან. გიორგი მასწ, სულ მადლობას გიხდით ყველაფერზე და ალბათ უკვე დაგღალეთ, მაგრამ ამ დღისთვისაც უნდა გითხრა კიდევ ერთი მადლობა და მერე თავს დაგანებებთ.)))))))))))
მე კიდევ მინდა “ომობანას” თამაში. თქვენ?
No comments:
Post a Comment