Monday, November 15, 2010

მოლოდინი და მოულოდნელობა

ღია ცისფრად შეღებილი კედლები, თანამედროვე დიზაინის საკონფერენციო დარბაზი 1 საათით 22 სტუდენტის მასპინძლობისთვის საგულდაგულოდ მოემზადებინათ. თავიდანვე განგვიმარტეს რომ ფოტოაპარატის, ვიდეოკამერის და დიქტოფონის გამოყენება არ შეიძლებოდა. ერთი სიტყვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მაღალი თანამდებობის პირს უნდა შევხვედროდით.
შენობაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და შემოწმებების გარეშე შეგვიყვანეს. წინასწარ იცოდნენ ჩვენი ვიზიტის შესახებ და გველოდებოდნენ კიდეც.
ათ წუთის შემდეგ ჩვენი მასპინძელიც გამოჩნდა.  თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიმართ წინასწარგანწყობა ასეთი მქონდა: სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ათლეტური აღნაგობის, 40 წელს გადაცილებული, პირქუში გამომეტყველების, მოკლედ, სულით-ხორცამდე სამხედრო პირი შემოვიდოდა, სალამს მოგვცემდა, გადაგვიყვანდა სამხედრო კაბინეტში და კედელზე გაკრული რუკების და მაკეტების მეშვეობით ლექციას წაგვიკითხავდა.
რეალობა კი ასეთი იყო: თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე 33 წლის, სრულიად ახალგაზრდა და უშუალო ადამიანი აღმოჩნა. შეხვედრის შემდეგ, მის ბიოგრაფიას რამდენჯერმე გადავავლე თვალი და სამხედრო განათლება რომ ვერ აღმოვაჩინე, უკმაყოფილების გრძნობა გამიჩნდა. ნეტა სხვა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას სამხედრო განათლების არმქონე, 33 წლის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და 31 წლის თავდაცვის მინისტრი (ბაჩო ახალაია) ჰყავს?
მისალმების შემდეგ, ნოდარ ხარშილაძემ მრგვალი მაგიდის ფორმატით საუბარი ამჯობინა და ასეთი შეკითხვით - რისთვის გვჭირდება ჯარი? - მოგვმართა. პასუხების მრავალფეროვნების მიუხედავად გაირკვა რომ, ჯარს ორი უმთავრესი ფუნქცია გააჩნია: 1. წმინდა თავდაცვითი 2. მოწინააღმდეგესთან ბრძოლა. „ჯარი ომის დროს დროის მოგების საშუალებაა, სანამ საერთაშორისო ორგანიზაციები დაარეგულირებენ სიტუაციას, მანამდე ჯარმა უნდა შეაკავოს მტერი“ - ამბობს მინისტრის მოადგილე, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთს ვერავინ შეუშლის ხელს თავისი აგრესიის განხორციელებაში. აქვე მან მაკიაველის სიტყვები მოიშველია, „ვისაც ენანება საკუთარი ჯარის შენახვა, მოუწევს სხვისი ჯარის შენახვა“.  
მინისტრის მოადგილის თქმით, ჯარი არის ინდუსტრია. საქართველოს ამ ეტაპზე დაახლოებით 32 000-იანი არმია ჰყავს. აქედან 25 000 პროფესიონალი ჯარისკაცია, დანარჩენი კი - წვევამდელი.  ჯარის რაოდენობა განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორით: ქვეყნის მდგომარეობის აღწერით; მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების შეფასებით. შემდეგ კი, შესაძლო რაოდენობიდან იდეალურსა და მინიმუმს შორის შუალედს პოულობ. ამ ეტაპზე საქართველო, ჯარის რაოდენობის მხრივ, მინიმუმთან არის ახლოს. შუალედი მინიმუმსა და იდეალურს შორის 37 000-იანი არმიის ყოლა იქნება. ნოდარ ხარშილაძე აღნიშნავს, რომ ამ რაოდენობით, ქვეყანა აგრესიის შემთხვევაში, სუვერენიტეტის შენარჩუნებას შეძლებს.
„რუსეთის გარდა სხვა მტერი, აგრესორი საქართველოს არ ჰყავს“ - თქვა ნოდარ ხარშილაძემ - „სომხეთთან და აზერბაიჯანთან ვმეგობრობთ, თურქეთთან სავიზო რეჟიმიც გაუქმებულია, ნატოს წევრი ქვეყანაა და ბევრ საკითხში ვთანამშრომლობთ. საფრთხე არ არის მოსალოდნელი, ასევე, უკრაინისგან. ავღანეთი და ერაყი მეამბოხე ქვეყნებია და შესაძლოა მათგან საფრთხეს ველოდოთ, თუმცა ამ ეტაპზე საშიშროება არ არის“ - აღნიშნავს ის.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკასაც შეეხო. მისი თქმით, ქართულმა მხარემ, 20-მდე რუსული თვითმფრინავი დააზიანა. მათგან ორმა შეძლო რუსეთის ტერიტორიაზე დაშვება. 6-8 თვითმფრინავის ნამსხვრევები საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, ხოლო დაზიანებული თვითმფრინავების უმეტესობა ქართველების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დაეცა - იქ, სადაც ომის ველი იყო გახსნილი. რუსული მხარე ამტკიცებს რომ, მათ მხოლოდ 4-6 თვითმფრინავი დაკარგეს.
ნოდარ ხარშილაძესთან შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა.  თავდაცვის მინისტრის მოადგილე სტუდენტების კითხვებს ძირითადად, თავს არიდებდა ან კითხვაზე შეუსაბამო პასუხს იძლეოდა. ფაქტია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო „ჩაკეტილ სივრცეს“ წარმოადგენს და ინფორმაციის გამოტანა შეუძლებელია.
ნინო ხოზრევანიძე

No comments:

Post a Comment