Thursday, November 11, 2010

ოპერაცია "კიკეთი"

კვირა დილას, დაახლოებით 10–დან 11–ის ნახევრზე თუ მოხვდებით დელისის მეტროსთან, აუცილებლად შეამჩნევთ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანების მომრავლებას. შესაძლოა ბევრი სხვადასხვა ტიპის იარაღსაც მოჰკრათ თვალი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ომი დაიწყო.
 თუ სამხედრო საქმეში ჩემნაირი გამოუცდელი ბრძანდებით, ნამდვილი ჯარისკაცებისგან განმასხვავებელ ერთ ნივთს გასწავლით, რომელიც აუციებლად ყველა „ჯარისკაცს“ აქვს, რითაც ადვილად ამოიცნობთ სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადებიან ისინი თუ უბრალოდ სათამაშოდ. ეს ნივთი სათვალეა, რომელსაც, თუ კარგად დააკვირდებით, ყველა იმ ტერიტორიაზე მყოფ სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანს აღმოუჩენთ. სათვალე, როგორც გავიგეთ ბევრნაირია, მაგრამ ძირითადად მაინც სტაფილოსფერშუშებიანები ჭარბობს. ეს მოთამაშეების ერთადერთი ფარია და ერთადერთ აუცილებელი ნივთი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს, რათა თამაში შეძლოს. უფრო მეტიც, იმ ტერიტორიაზე, სადაც თამაში მიმდინარეობს, ამ ნივთის გარეშე არც შეგიშვებენ, რადგანაც შესაძლოა ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.
31 ოქტომბერი კვირა დღე იყო, დილის 11 საათი, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ომობანას“ თამაშის დრო ჩვენთვისაც დადგა. როგორც შეკრებისას აღმოჩნდა, თითქმის ყველა ჩვენგანი მოუმზადებელი გამოსულა სახლიდან, რადგანაც ზოგს ბატინკი არ ეცვა, ზოგს თბილი ტანსაცმელი, ზოგს წყალი დავიწყებოდა, ზოგს კი სათვალე. მაგრამ იმდენად მონდომებული იყო ჯგუფის ყველა წევრი, რომ ეს ნაკლოვანებები არაფრად ჩავთვალეთ, რისი გამოსწორებაც შეიძლებოდა, ადგილზევე გამოვასწორეთ და კიკეთისკენ გავეშურეთ(ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაში შენობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ შევცდი). როგორც „მებრძოლების“ სამარშრუტო ტაქსით მგზავნობისას შევიტყვეთ, მოთამაშეები გუნდებად ყოფილან დაყოფილი და ჩვენ წილად გვხვდა პატივი ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ გუნდთან ერთად გვემგზავრა. ამ გუნდს “BROTHERHOOD” ერქვა და მათი დევიზი ასე ჟღერდა: „who’s good? BROTHERHOOD”. „ძმობის“ წევრები საკმაოდ კარგად შეიარაღებულები და მხიარულები აღმოჩნდნენ. ერთმანეთის გაცნობის პარალელურად კიკეთშიც ჩავედით. პირველი რაც გვითხრეს, იყო ის, რომ სათვალე გაგვეკეთებინა და თამაშის ბოლომდე არ მოგვეხსნა. (თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგანაც ჩემი და ელბაქას „ელიავაზე“ შეძენილი სათვალე არც ისე კომფორტული იყო, თუმცა ყველასგან გამორჩეულები ვიყავით, შავკანტიანი სათვალე მარტო ჩვენ გვქონდა :)) ).
გვითხრეს, რომ მთავარ ბაზაზე მისვლის შემდგომ გაიმართებოდა ბრიფინგი, სადაც გავიდებდით თამაში სცენარს. ლოდინის დროს ჟურნალისტების გამოცდილმა მზერამ შენიშნა ჩვენი თანამგზავრების უმრავლესობა როგორ გაეშურა ტყისკენ და როდესაც ვიკითხეთ თუ რა ხდებოდა იქ, გვითხრეს რომ ყველაფერს თავის დროზე გავიგებდით. სანამ „თავის დრო“ დადგებოდა, კიდევ ერთი ტრადიციის შესახებ შევიტყვეთ, თურმე ყველა თამაშის წინ, განსაკუთრებით სიცივეში, თითო ჭიქა ყველამ უნდა დალიოს, ზოგმა გასათბობად, ზოგმა თამაშისთვის მოსამზადებლად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბევრი არ უნდა მოგივიდეს, რათა შემდგომ თამაშის დროს მდინარეზე გადასვლაში ხელი არ შეგეშალოს, ან სხვებს არ შუეშალო ხელი თამაშში. თუმცა რამოდენიმე ადამიანმა ეს ვერ გაითვალისწინა და შედეგები არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა მათთვის.
ბოლო–ბოლო ბრიფინგის დროც დადგა, რომელზეც გავიგეთ, რომ მოხდა ამბოხი და ამბოხებულებმა დაიკავეს ერთი სოფელი. მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და თუ ვერ მოხერხდება სიტუაციის ამგვარად განეიტრალება, უნდა მოხდეს სამხედრო გზით მოგვარება. ამბოხებულია დაახლოებით 20 კაცი, მოსახლეობა უკვე გამოქცეულია სოფლიდან. დროდადრო მოწინააღმდეგეთა მხრიდან ისმის სროლის ხმა და ჯარიკაცები გვიხსნიან, რომ ისინი ტერიტორიას იკავებენ. მოწინააღმდეგეებმა მოლაპარაკებაზე წაიყვანეს დაახლოებით 10 სამხედრო და 4 ჟურნალისტი ( ელბაქა,ელენე, გვანცა, და ხოზრე). ისევ დაიწყო ლოდინი. ცოტა ხანში ისევ გავიგეთ სროლის ხმა და გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა თქვეს, რომ ჟურნალისტები ტყვედ აიყვანეს, და ამბოხებულები დანებებას არ აპირებდნენ, ხოლო თუ ჩვენ 12 საათში ტერიტორიას არ დავტოვებდით, ტყვეებს დახოცავდნენ. ამბოხების მიზეზი კი ის იყო, რომ ჯარი არაკანონიერი ხელისუფლების ბრძანებებს ემორჩილება და ეს მათთვის მიუღბელი იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აუცილებელი იყო სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარება და ბრძოლებიც დაიწყო.
დარჩენილი ჯარი ორად გაიყო, ორივე ნაწილს სამ–სამი ჟურნალისტი გავყევით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კიკეთის ტყის იმ ნაწილში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, თითქმის ყველა ხე ფორთხივით შემოვიარე, თან მეგობრებზე ვნერვიულობდი და ყველგან მათ ვხედავდი.

ერთ–ერთი შეტაკების დროს ჩვენიანებმაც მოახერხეს ტყვის აყვანა და ის ერთ მებრძოლში და ერთ ჟურნალისტში გაგვიცვალეს. მე რა თქმა უნდა ელბაქა მეგონა, მაგრამ ხოზრე აღმოჩნდა, რომელმაც ჩვენამდე „ცოცხალმა“ ვერ მოაღწია და სწორედ იმან „გამოასალმა თამაშს“, ვისშიც აპირებდნენ მის გაცვლას (წესი იყო, რომ თუ ტყვია მოგხვდებოდა, თამაშიდან უნდა გასულიყავი).

ბევრი ბრძოლის შემდეგ, ჩვენიანებმა მაინც მოახერხეს ამბოხებულთა დამარცხება, მაგრამ გორდეზას გარდა ყველა მძევლის სიცოცხლე შეეწირა ამ ბრძოლას.






თამაშის დასრულების შემდგომ, მოთამაშეთა რაღაც ნაწილი წავიდა, “BROTHERHOOD”–ის მებრძოლებმა კი ჩვენთვის ახალი თამაში მოიფიქრეს. ეს იყო პირისპირ ბრძოლა, სადაც მიზანი მოწინააღმდეგეთა განადგურება და ტყვეების გამოხსნა იყო.
ამ დროსაც ბევრი ვიძრომიალეთ ტყე–ღრეში, მაგრამ საინტერესო იმით იყო ეს ბრძოლა, რომ მასში ერთი ქალი ჯარიკაცი მონაწილეობდა, რომელიც სწორედ ჩემს ჯგუფში აღმოჩნდა. როგორც თვითონ თქვა, ბრძოლის დროს ქალი და კაცი არ განსხვავება და ისიც ზუსტად ისევე ხოცავდა „მტრის ჯარისკაცებს“, როგორც ჯგუფის დანარჩენი მამაკაცი წევრები. თუმცა ბოლოს ისიც „მოკლეს“ და დავრჩი მარტო მე, ტყვე, მოწინაღმდეგე ჯგუფის წევრმა კი შემიფარა და სამშვიდობოზე გამიყვანა.
ბოლო ბრძოლის დროს რამდენიმე ჩვენთაგანმა დაზიანებებიც კი მიიღო, ჯეირანა კლდიდან დასრიალდა და ჭანია გმირულად ჩაყვა თან. აი, ნამდვილი მეგობრობაც ამას ჰქვია. :)) საბოლოოდ კი ყველაფერი კარგად დასრულდა და ისევ “BROTHERHOOD”–ის ტრანსპორტით ჩამოვედით მშობლიურ თბილისში. ე.წ. „მარშტურკაში“ სიმღერები სულ მშვიდობაზე იყო, მაგალითად Michael Jackson-ის Heal The World, რომელსაც მე და ელაქა განსაკუთრებული გულმოდგინებით ვმღეროდით. ბიჭებიც კმაყოფილები ჩანდნენ ჩვენთან ურთიერთობით და გვეუბნებოდნენ, რომ კიდევ წამოვსულიყავით მათთან ერთად სათამაშოდ.
თამაში ძალიან მომეწონა, თუმცა ორ რამეს მივხვდი, უფრო სწორად კი ერთს მივხვდი და მეორეში დავრწმუნდი. საბოლოოდ დავასკვენი, რომ ომი ჩემი საქმე არ არის, თუნდაც თამაშის დროსაც კი. იმდენად მოქმედებს ჩემზე მთელი ეს ამბები, რომ უკვე თამაშად ვერ აღვიქვამ. და მეორე, მივხვდი, რომ სამხედროსთვის უაზრო ომი არ არსებობს. როდესაც იცი, რომ შენი მეგობარი ტყვედ არის ჩავარდნილი, მთავარ მიზნად ის კი არ გაქვს დასახული, რომ მოიგო, არამედ ის, რომ იმ ადამიანს, რომელიც ასე გიყვარს არაფერი დაუშავდეს. თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე შემი მეგობარი ომში დაიღუპა, მითუმეტეს, შენ უნდა დაამტკიცო, რომ ეს ამაო მსხვერპლი არ იყო, თუნდაც ეს ისეთი ომი იყოს, სადაც გამარჯვების არც ერთი შანსი არ გაქვს. ალბათ სწორედ ამიტომ არ შეიძლება არსებობდეს სამყარო ომის გარეშე, რადგანაც არ შეიძლება ამხელა აგრესიამ საპასუხო აგრესია არ წარმოშვას. თუმცა მე მაინც მინდა მჯეროდეს, რომ მოვა დრო და ადამიანები მიხვდებიან, რომ ომი ყველაზე დიდ საშინელებასთან ერთად ყველაზე დიდი უაზრობაა და მისი მეშვეობით არაფრის გამოწორება და მითუმეტეს, მშვიდობის დაცვა არ შეიძლება.

 ნინო ბერიძე

1 comment:

  1. "სამხედროსთვის უაზრო ომი არ არსებობს. როდესაც იცი, რომ შენი მეგობარი ტყვედ არის ჩავარდნილი, მთავარ მიზნად ის კი არ გაქვს დასახული, რომ მოიგო, არამედ ის, რომ იმ ადამიანს, რომელიც ასე გიყვარს არაფერი დაუშავდეს. თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე შემი მეგობარი ომში დაიღუპა, მითუმეტეს, შენ უნდა დაამტკიცო, რომ ეს ამაო მსხვერპლი არ იყო, თუნდაც ეს ისეთი ომი იყოს, სადაც გამარჯვების არც ერთი შანსი არ გაქვს. ალბათ სწორედ ამიტომ არ შეიძლება არსებობდეს სამყარო ომის გარეშე, რადგანაც არ შეიძლება ამხელა აგრესიამ საპასუხო აგრესია არ წარმოშვას. თუმცა მე მაინც მინდა მჯეროდეს, რომ მოვა დრო და ადამიანები მიხვდებიან, რომ ომი ყველაზე დიდ საშინელებასთან ერთად ყველაზე დიდი უაზრობაა და მისი მეშვეობით არაფრის გამოწორება და მითუმეტეს, მშვიდობის დაცვა არ შეიძლება."

    ნინო....მიყვარხარ! :D

    ReplyDelete