Wednesday, November 10, 2010

შეხვედრა ზურაბ აგლაძესთან



GIPA-ში კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა ჩვენთან შესახვედრად, სახმელეთო ძალების ყოფილი სარდალი, ვიცე პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე. საუბარი მიდიოდა ჟურნალისტებისა და სამხედრო პირების ურთიერთობაზე, იმაზე თუ რა ინფორმაციის გახმაურების უფლება აქვთ მედიის წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა ან ზოგადად რთული ვითარებაა. ყოფილ პოლკოვნიკს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს, რაშიც ჟურნალისტები კატეგორიულად არ ვეთანხმებოდით. გვესმის, რომ არ არის სასურველი მედია საშუალებით ისეთი “საიდუმლო” ინფორმაცია გაავრცელო, რომელიც ავნებს სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ ამის გარდა, ჩვენ კიდევ ბევრი შეკითხვა გვაქვს, რომლებზეც ხშირ შემთხვევაში სათანადო პასუხებს ვერ ვიღებთ. მე ვფიქრობ, ამ სტრუქტურის წარმომადგენლები უფრო “ჩაკეტილები” არიან, ვიდრე ეს საჭიროა. შეიძლება ჟურნალისტებიც ზედმეტად სულსწრაფები და სენსაციის მოყვარულები ვართ, მაგრამ თუკი ჩვენდამი უფრო მეტ ნდობას გამოიჩენენ და მათი პრეს სამსახურის თანამშრომლებიც უფრო ჰუმანურად მოგვექცევიან, ეს მეტ შედეგს მოიტანს იმ საზოგადოებისათვის, რომელიც მუდმივად ახალი ინფორმაციის მოლოდინშია. უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბ აგლაძე სასიამოვნო მოსაუბრეა, მას ჩვენს დასარწმუნებლად არა ერთი საინტერესო მაგალითი მოჰყავდა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიიდან (მაგ: პენტაგონის თანამშრომლებისა და ჟურნალისტების ურთიერთობის შესახებ და ა. შ.). მისი განცხადებით, მხოლოდ საქართველოში არ ხდება ის, რომ ჟურნალისტები იღებენ რაღაც განსაზღვრულ ინფორმაციას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჟურნალისტებს ხშირად გვრჩება შთაბეჭდილება (და არა მარტო ჟურნალისტებს), რომ ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვიღებთ შესაბამისი სტრუქტურებიდან, რაც მათ სურთ რომ გავრცელდეს მათივე კონკრეტული მიზნებისათვის, ჩვენს ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფდა ზურაბ აგლაძე. თუმცა საბოლოოდ ყველა ერთ დასკვნამდე მივედით, ყველაზე სასურველ შედეგს მოიტანს ურთიერთთანამშრომლობა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები და ქაღალდზე დაწერილი “ჭეშმარიტება.” რას ვიზავთ, ასეთები ვართ ეს ჟურნალისტები, ყოველთვის ყველაფერი გვაინტერესებს, ამაში ყოფილი სარდალიც დარწმუნდა, ლექციის დასრულების შემდეგ ის კიდევ დიდხანს პასუხობდა ჩვენს დაუსრულებელ შეკითხვებს.


გვანცა გორდეზიანი

No comments:

Post a Comment