Monday, November 15, 2010

ობიექტივით ნანახი ომი...

„პამაგიჩე, პამაგიჩე პაჟალსტა... პამაგიჩე“... ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაჟინებული თხოვნის და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მცდელობის მიუხედავად, სტენს სიცოცხლე ვერ შეუნარჩუნეს. ჰოლანდიელი რეპორტიორები 2008 წლის აგვისტოს ომს აშუქებდნენ. რუსულმა კასეტურმა ბომბმა სტენის სიცოცხლე გორის ცენტრში შეიწირა - იქ, სადაც საფრთხე  ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. „არც ერთი ინფორმაცია სიცოცხლის ფასად არ ღირს“ – ამბობს ჰოლანდიელი ჟურნალისტი ბარტ ჰეტემა – „არ წახვიდე იქ, სადაც  მაღალი რისკია“...
ყველაზე დაბალი რისკის დროს, სპეცნაზელთა საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა „რუსთავი  2“–ის ოპერატორი. „კადრის გულისთვის ყველაფერზე ვართ წამსვლელი“  – ამბობენ ოპერატორები, „როცა პროფესიონალი ხარ, უთამამდები სიტუაციას...“;  „ძალიან დიდი შიშის ფაქტორია, მაგრამ შიშს რომ გადაურჩები და გადარჩები საბოლოოდ, ეგ არის ძალიან მაგარი განცდა, ეგ არის ადრენალინი ჟურნალისტის და ოპერატორის“...
„ადრენალინი - პროფესია რეპორტიორი“ ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ომის პერიმეტრზე რეპორტიორების მუშაობაა ასახული.
ფილმის ავტორები, ნიკა პატარაია და ნიკა ჭანიშვილი, ომის დროს ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ჟურნალისტიკის კურსის ფარგლებში „ადრენალინის“ ნახვა დაიგეგმა და ფილმის ავტორებიც მოვიწვიეთ. მათი გაცნობის და  ფილმის შესახებ რამდენიმეწუთიანი შესავლის შემდეგ მონიტორიც განათდა.  
გადამწვარი ქუჩები... დამტვრეული და ცეცხლში გახვეული მაქანები... ჩამონგრეული და ალისგან გაშავებული სახლები, კორპუსები... დაჭრილი ადამიანები... ატირებული ბავშვები და ქალები... შველის მოლოდინით ხელგამოწვდილი მოხუცები... უპატრონოდ დარჩენილი ჯარისკაცის ფეხსაცმელი... სისხლით გასვრილი ფორმიანი სხეულები... აფეთქებული და უკვე უფუნქციოდ დარჩენილი ჯავშანტექნიკის მთავარი ძალა - ტანკი...
ფილმში იყო ერთი მომენტი, როცა თვალებზე ხელები ავიფარე, თუმცა ხმამ მაინც შემძრა: „ვაიმე მიშველეთ ხალნო, ხალხი არა ხართ?“ ამ ფაქტს ოპერატორი ლევან დგებუაძე ასე იხსენებს: „ყველაზე რთული და ცუდი მომენტი იყო, როცა დაჭრილი და ცეცხლის ალში გახვეული ქალბატონის გადასაღებად მივედი. ის მეხვეწებოდა, შველას ითხოვდა... არაფერი არ შემეძლო. მე ასე, რობოტივით ავტმატიურად, ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ასე ვთქვათ, ვიღებდი იმ საშინელ კადრებს და იმ ქალბატონს სამწუხაროდ ვერ დავეხმარე...“
„პოსტის“ წერის დროს ფილმს მეორედ, ჩემს მეგობართან ერთად ვუყურე და ბოლოს ვკითხე: აბა მითხარი როგორი ფილმია, რას ფიქრობ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ომის დროს მუშაობდნენ მეთქი. მან მიპასუხა: „ერთი მომენტი არ მომეწონა, აი ის, ცეცხლწაკიდებული ქალი შველას რომ ითხოვდა და ოპერატორი მაინც თავის საქმეს რომ აკეთებდა. მთავარია კადრი გადაიღო და გმირი ხარ... კი, იმ კადრის გადაღებაც საჭიროა, მაგრამ მთავარია ადამიანის დახმარება“. ჩემი მეგობარი მომავალი ექიმია და მისი პასუხი არც გამკვირვებია. ოპერატორის ადგილზე მეც კადრს გადავიღებდი. ალბათ პროფესიაც გარკვეულწილად განსაზღვრავს ადამიანის ბუნებას და დამოკიდებულებას მოვლენებისადმი.
ომში სამი პროფესიის წარმომადგენლები მიდიან: ჯარისკაცები, ექიმები და ჟურნალისტები. ჯარისკაცებს ომი სისხლში აქვთ გამჯდარი. მათ წლების მანძილზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ამზადებენ. ისინი ყოველ წამს ომს ელოდებიან. ექიმები დროთა განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას და პრაქტიკას ექსტრემალური სიტუაციების დროს გამოავლენენ. სამხედრო ექიმები კი უფრო მეტად მობილიზებულნი, გაწვრთნილები და სამედიცინო მოწყობილობებით აღჭურვილნი არიან. რაც შეეხება ჟურნალისტებს, და მით უმეტეს, ქართველ ჟურნალისტებს, აქ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. მათ არა აქვთ (უმეტეს ნაწილს) სამხედრო ჟურნალისტიკის კუთხით ელემენტარული განათლება, არ აქვთ press ნიშნიანი  ჯავშანჟილეტი და რაც ყველაზე მთავარია, არ იციან რა ინფორმაციის გავრცელება შეიძლება და რომელი ინფორმაციის გადაცემაა საშიში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ რა ცოდნა გააჩნიათ ქართველ ჟურნალისტებს, ამის თვალსაჩინო მაგალითი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებია.
„როიტერის“ ჟურნალისტი ნინო ივანიშვილი აღნიშნავს რომ, „ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილება არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს არა ერთი ჟურნალისტი, არამედ მთელი ჯგუფი...“
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართულმა მხარემ საინფორმაციო ომი წააგო. სასურველია, რომ ჩემს ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, მაგრამ ომის შემთხვევაში აუცილებლად წავალ ბრძოლის ველზე ყოველმხრივ მომზადებული და აღჭურვილი. მით უმეტეს რომ, ომი სქესს არ სცნობს, ისევე როგორც ჩვენი პროფესია - ჟურნალისტიკა.

ნინო ხოზრევანიძე

No comments:

Post a Comment