Thursday, November 11, 2010

კიკეთის ომი...

სამარშრუტო ტაქსის ძრავის ერთსაათიანი ქოთქოთი რკინის დანჯღრეულ ჭიშკართან შეწყდა. ჭიშკარში შესულებს მოხუცი კაცი გამოგვეხმაურა: - ცეცხლს თუ დაანთებთ, ისევ ჩააქრეთ, ტყე არ გადაიწვასო“. ეს მოხუცი ერთადერთი მცხოვრები იყო ვინც კი კიკეთის ტყეში მიტოვებული სახლების გარშემო ვნახე.

კიკეთში მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა. სამხედრო ამბოხი მოხდა. ამბოხებულებმა ერთ-ერთი სოფელი დაიკავეს და სახელმწიფოს ულტიმატუმებს უყენებენ. მთავრობა კონფლიქტის მოგვარებას დიპლომატიური გზით აპირებს და ამბოხებულებთან ჟურნალისტების მეშვეობით კონტაქტი გადაწყვიტა. ქვეყნის მეთაურები არც იმას გამორიცხავენ რომ, თუ  მოლაპარაკებების დიპლომატიური გზები ჩაიკეტება, სამხედრო ძალები თავიანთ საქმეს გააკეთებენ.



სოფელში არსებული მდგომარეობის შესასწავლად და ინფორმაციის გამოსატანად, სპეცრაზმთან ერთად, 4 ჟურნალისტიც გაგვიშვეს. მეთაურებმა თვიდანვე გაგვაფრთხილეს რომ, სამხედროების მითითებები უნდა შეგვესრულებინა, ანუ ლაპარაკის გარეშე, ერთმანეთისგან 5-5 მეტრის რადიუსით უნდა გვევლო. გზა სოფლამდე მიუვალი იყო. საფრთხის მოლოდინით სუნთქვაგახშირებულები, ძეძვის და ტალახის მიუხედავად,  წინ მივიწევდით. აღმართის დაბრკოლება გადავლახეთ, ის იყო მდინარეზე გადავდიოდით და გასროლის ხმაც გაისმა. გასროლის ხმა, 4 ჟურნალისტის სინქრონში შეკივლება... პანიკამ მოგვიცვა... ყველაზე ახლოს მდებარე სახლისკენ თავის შესაფარებლად გავიქეცით, მაგრამ ფეხში მოხვედრილმა ტყვიამ და ამბოხებულთა ყვირილმა - შეჩერდითო, მიწაზე დამცა. ჟურნალისტთა ჯგუფი და რაზმის მეთაური ტყვედ ჩავვარდით.

აწ უკვე ტერორისტებად გადაქცეულმა ამბოხებულებმა ყვირილის, გაფრთხილებების, იარაღის ტრიალისა და ძალაუფლების ჩვენების შემდეგ, ჟურნალისტები დაგვატყვევეს, ხოლო რაზმის მეთაური მთავრობასთან მათი მოთხოვნების გადასაცემად გაგზავნეს. ტერორისტები შემდეგი შენაარსის ფრაზებს გაიძახოდნენ: „ჩვენ გვიყვარს ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და მთავრობა ნუ თესავს ერში სიყალბეს, სიძულვილს.“ ტყვეები სხვადასხვა შენობაში გაგვანაწილეს, ჯერ ორ-ორი ერთად, შემდეგ კი დაგვაცალკევეს.




ტყვე ჟურნალისტის ფიქრები და თამაშის წესები

როგორც კი შენობებში შეგვიყვანეს, სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ და რა ხერხებით შეძლებდა ხელისუფლება ჩვენს განთავისუფლებას. მოლოდინი რთული აღმოჩნდა. ტერორისტები საკმაოდ კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩვენს მიმართ, კიდეც გვესაუბრებოდნენ, პატარა ოთახში ერთი კუთხიდან მეორე კუთხისკენ გადაადგილების უფლებასაც გვაძლევდნენ, მაგრამ ტელეფონით სარგებლობის საშუალება არ გვქონდა. საინტერესოა, რეალური შემთხვევების დროს როგორი პირობები აქვთ ტყვე ჟურნალისტებს.
ყველაზე მეტად რამაც რეალური ომის სურათი დამანახა იყო ის, რომ სახლები ზუსტად ისეთივე გაპარტახებული და გაძარცვული იყო, როგორც ნამდვილი ომის შემდეგ არის ხოლმე. იატაკზე მინების ნამსხვრევები, კოკაკოლას ბოთლები, ტყვიები და მასრები ეყარა.          
სანამ ტყვედ ჩავვარდებოდით, 50-მდე „სტრაიკბოლის“ მოთამაშე, ერთი ლექტორი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 9 სტუდენტი კიკეთის ტყის სიღრმეში შევედით, მინებჩამსხვრეული სახლის წინ გავჩერდით და წინასწარდაწერილი სცენარის მიხედვით მოქმედებებიც დაიწყო. სცენარს „ელვა“ ეწოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ელვის სისწრაფით ხდებოდა ყველაფერი.
საკუთარი ინტერპრეტაციით, - „ომობანა“, რეალურად კი „სტრაიკბოლად“ წოდებული თამაში, ყოველ კვირას, თბილისის ახლომდებაზე  ტყეებში იმართება. „სტრაიკბოლი“ სამხედრო თამაშია, რომელშიც დაწყებული მოთამაშეების ფორმებით, იარაღით, ჩასაფრებებით, სცენარის მომზადებით, ყველაფერი რეალურ სიტუაციასთანაა მიახლოებული. თამაშში პნევმატური პლასტმასის ტყვიები გამოიყენება, რომლის თვალში მოხვედრა ძალიან სახიფათოა. ამიტომაც, ყველა მოთამაშეს მოეთხოვება სპეციალური დამცავი სათვალის ტარება მთელი თამაშის განმავლობაში.
„სტრაიკბოლი“ ერთადერთი თამაშია, რომელსაც მსაჯი არ ჰყავს. მოთამაშეს ტყვია რომ მოხვდება, რაციას თიშავს, იარაღს მაღლა სწევს და ბრძოლის ველიდან გასვლამდე ხმამაღლა ყვირის - „მკვდარი ვარ“. წესები ჟურნალისტებსაც აგვიხსნეს: თამაშის დროს ფოტოს გადასაღებად, ან სხვა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით მოთამაშეების წინ, ბრძოლის ველზე, არ უნდა გადაგვერბინა, თორემ უაზროდ დავიხოცებოდით. წესი, რომ ტყვია მოგხვდებოდა მკვდრად ითვლებოდი, ჩვენც უნდა დაგვეცვა. თუ როგორ დავიცავი ეს წესი, სცენარის მეორე ფაზიდან გაიგებთ.



სცენარის მეორე ფაზა

ტერორისტები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ თავდასხმის მოსაგერიებლად. ჩასაფრებები შენობებსა და შენობების გარშემო მოაწყვეს. ჟურნალისტებიც ველოდებოდით მოვლენების განვითარებას და პირველი შეტაკების ხმაც გაისმა. ისროდნენ ორივე მხრიდან - სპეცრაზმი ძირითადად, ტყიდან, ხოლო ტერორისტები შენობებიდან. სროლას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპული მეომრები საკუთარი ფეხით გადიოდნენ ბრძოლის ველიდან და თამაშის მიმდინარეობას ყოველგვარი გადალაპარაკების (აქ არის ან იქ არის ჩასაფრებული მტერი) გარეშე ადევნებდნენ.
ტყვეები ორივე მხარეს ჰყავდა - ტერორისტებს ჟურნალისტები, ხოლო სპეცრაზმს ერთი ტერორისტი ჩაჰვარდნოდა ხელთ. მხარეები შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე. ერთი ჟურნალისტი ერთ ტერორისტში იცვლებოდა. ოთახში, სადაც ორი მცველის მეთვალყურეობის ქვეშ ფოტოსესიას ვატარებდი, ერთი მებრძოლი შემოვიდა და მითხრა: უნდა გაგცვალოთ და მოემზადეო. მეც მოვემზადე, მოვიმარჯვე ფოტოაპარატი და შენობის მეორე სართულიდან, ჩანგრეული კიბით, ასკილის ეკლების გარღვევის შემდეგ, ბრძოლის ველზეც აღმოვჩნდით. ტყვიების ზუზუნისა და ხელყუმბარების ფეიერვერკების ფონზე მხარეებმა ერთმანეთს გადასძახეს გავცვალოთო და ხელის გაშვების შემდეგ სირბილით ტყისკენ გავიქეცი. მეგონა უკვე სამშვიდობოს ვიყავი, მაგრამ ტყვედ მყოფმა ტერორისტმა, რომელიც საპირისპირო მხარეს მორბოდა, ჩემი ისევ დატყვევება გადაწყვიტა და ხელი მაგრად ჩამჭიდა. ამ დროს კი ორივე მხრიდან ტყვიების წვიმა წამოვიდა. მეც და ტერორისტიც შუა ბრძოლის ველზე მიწაზე გავიშხლართეთ. მან ჩათვალა რომ მკვდარი იყო და აღარ ინძრეოდა ადგილიდან, მე კი წამოვვარდი და უკვე არა მარტო ტერორისტების, არამედ სპეცრაზმის მსხვერპლიც გავხდი. ერთი სიტყვით, ჩემთვის სამხედრო ექიმს რომ დაეხედა პულსსაც აღარ გამისინჯავდა.

ახალი ამბების სააგენტო

სპეცოპერაცია „ელვა“ ხელისუფლებამ წარმატებით ჩაატარა. თუმცაღა ომის დროს დიპლომატიური მოლაპარაკებები არ შედგა. ხელისუფლებამ ვერ შეძლო ტერორისტებთან მშვიდობიანი მოლაპარარაკებების წარმართვა.  შესაბამისად, სპეცრაზმმა ტერორიზმზე ძალის გამოყენებით გაიმარჯვა. შეტაკების დროს ყველა ტერორისტი დაიღუპა. დიდი დანაკლისი ჰქონდა სპეცდანიშნულების რაზმსაც, თუმცა ზუსტი მონაცემი ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ერთი ტყვეების გაცვლის დროს დაცხრილეს, ორი ხელყუმბარაზე აფეთქდა, ერთი კი ტერორისტებმა გადაიბირეს. სააგენტოს ინფორმაციით, ის სპეცრაზმის მიმართულებით იარაღსაც ისვროდა. სააგენტო მუშაობს იმაზე რომ, გადარჩენილი ჟურნალისტის ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგთავაზოთ.


დასასრული

„სტრაიკბოლის“ თამაში 5 საათზე დამთავრდა. „აირსოფტ ჯორჯიას“ (airsoft georgia) წევრებმა კიკეთის ტყე მომავალ კვირა დღემდე დატოვეს. ფედერაცია „აირსოფტ ჯორჯია“ 2008 წელს შეიქმნა და მასში 6 გუნდიდან (brotherhood, commando, shavnabada, legioni, wofs, umbrela) 150-მდე კაცია გაწევრიანებული.

 ჟურნალისტებმა კი ძალიან ემოციური და რეალურთან მიახლოებული ომი ვნახეთ, რაც ძალიან დიდი გამოცდილებაა სამხედრო ჟურნალისტიკის კუთხით.

 

ნინო ხოზრევანიძე

1 comment: