Saturday, December 18, 2010

მოდელირებული ტყვეობა

 რომ არა ჩვენი სამხედრო ჟურნალისტიკის ლექტორი, გიორგი ცხვიტავა, ალბათ არც არასოდეს მექნებოდა საშუალება სტრაიკბოლი მეთამაშა.
 ძალიან მინდოდა სათამაშოდ წასვლა, მაგრამ  ძალიან ვნერვიულობდი  და მეშინოდა კიდეც, რადგან ვიცოდი, რომ წინა წასვლაზე ბავშვები დაშავდნენ, ზოგს სახეზე მოხვდა ტყვია, ზოგმა კიდევ ფეხი იტკინა. ისე, ვიცოდი, რომ არ წავსულიყავი, აუცილებლად ვინანებდი...
 მოკლედ სანამ მუხათწყაროში ავიდოდთ, ლექტორი და ჩვენი წინამძღოლები გვაფრთხილებდნენ, რომ დამცავი სათვალეები იქ ყოფნის პერიოდში საერთოდ არ მოგვეხსნა, რადგან თვალში ტყვიის მოხვედრას, სავარაუდოდ მხედველობის ორგანოს დაკარგვა მოჰყვებოდა.  ამან უფრო შემაშინა, რადგან, ერთადერთი მონაწილე ვიყავი, ვისაც დამცავი სათვალე არ ეკეთა. ვფიქრობდი, ღმერთო გადამარჩინე და თვალში ან კბილებში  არ მომხვდეს მეთქი. 
როგორც იქნა მივაღწიეთ ე.წ. “კონფლიქტის რეგიონს” და თამაშიც დაიწყო... 
რეგიონში შესვლამდე „ბლოკ–პოსტი გავიარეთ,  სამხედროებმა შეგვამოწმეს და ტერიტორიაზე შეგვიშვეს.  სამარშუტო ტაქსი, რომელშიც ჩვენ ვისხედით, ბლოკ–პოსტის გავლის შემდეგ ნელა მოძრაობდა, ჩვენ კი ფანჯრებიდან ოკუპირებულ ტერიტორიას ვათვალიერებდით.
 მოულოდნელად წინ რაღაც აფეთქდა, სროლაც ატყდა, ყველაფერი კვამლში გაეხვა. მოცვივდნენ ჯარისკაცის ფორმბში გამოწყობილი ტეორირსტები და სამარშუტო ტაქსიდან ჩასვლა გვიბრძანეს. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მეგონა მართლა სადაც ომში და უბედურებაში მოვხვდი.
 “ხელები უკან”, “ყველანი ჩამოდით” გვიყვიროდნენ ე.წ. ტერორისტები. რა თქმა უნდა, ჩავედით. აბა ტყვიის მოხვედრას ისევ ჩასვლა მერჩივნა.
 თავზე “კაპიშონი” მეფარა და გვერდით რა ხდებოდა ვერაფერს ვხედავდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისე რომ დაფიქრებაც ვერ მოვასწარი. ხელებშეკრულ 6 ჟურნალისტ და ჩვენ დამცველ სირბილით ტყეში ჩამავალ ბილიკზე მიგვარბენინებდნენ, თან  მთელი სისწრაფით.
 როგორც იქნა, მივაღწიეთ პატარა დასახლებას, სადაც ძირითადად მიტოვებული და ნახევრად აშენებული სახლები იდგა. ე.წ. ტერორისტები სამ სახლში იყვნენ გამაგრებულნი (ეგ მე რამდენიც შევნიშნე), ოთხი ჟურნალისტი ერთ–ერთი სახლის მეორე სართულზე აღმოვჩნდით.
 ჩვენ ტყვეები ვიყავით. ისინი ჩეჩენი ტერორისტები.
 სროლით გვემუქრებოდნენ და გვაფრთხილებდნენ ჭკუით მოვქცეულიყავით, თორემ ყველას დაგვხოცავდნენ.
 ცოტა აზრზე რომ მოვედი და გავაცნობიერე, რომ მართლა ტყვეობაში არ ვიყავი და ეს ყველაფერი თამაში იყო,  მივხვდი, რომ უკან შეკრულ ხელებზე თოკი იმდენად მქონდა გადაჭერილი, რომ ხელებს ვეღარ ვგრძნობდი.
 როცა სიტუაცია დაწყნარდა და ე.წ. ტერორისტები აღარ ყვიროდნენ და აღარ გვემუქრებოდნენ, ვთხოვე მათ თოკი ოდნავ შეეხსნათ. ერთ–ერთმა მკითხა, გინდა მართლა შეგხსნაო? კი მეთქი. მოვიდა და უფრო მაგრად მომიჭირა. ვითომ გამეხუმრა. J
 მერე მეორე ტერორისტი მოვიდა და სულ მომხსნა თოკი, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ტყვესთან ერთად ხელბორკილი დამადო. რის შედეგადაც, მე და ის გოგო ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვექანებოდით.
 მაშინ ვიფიქრე, ნეტა ფოტოაპარატი ან ვიდეო–კამერა მქონოდა მეთქი. ერთ–ერთ ტყვეს, ირინკას რომ ჰქონდა, იმიტომ გაუხსნეს ორივე ხელი J
 ტყვედ დაახლოებით საათნახევარი ვიყავით. ველოდებოდით როდის მოვიდოდნენ ჩვენს გასათავისუფლებლად, მაგრამ ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა. იმ სახლის პატრონი ამოვიდა, სადაც ტერორისტების ნაწილი იყო „გამაგრებული“.
 და აქ დასრულდა ჩვენი თამაში...
 შემდეგ კი გავაგრძელეთ, მაგრამ ტყვეების სტატუსი აღარ გვქონდა და იმდენად საინტერესო აღარც ყოფილა...
 მაგრამ თავიდან იმდენად ეფექტური იყო, იმდენად რომ ლამის დავიყვირე „დედაააა მიშველე“– მეთქი J
 სახლში მშვიდობით, ცოცხლად დაბრუნების შემდედგ ემოციები დიდხანს გამყვა.
 სხვათაშორის, ამ მოდელირებული ტყვეობაში მონაწილეობით რაღაც–რაღაცეები  ვისწავლე.
 ყოველშემთხვევაში, აწი ტყვედ მართლა რომ  ჩავვარდე, ისეთ პანიკაში აღარ ჩავვარდები ალბათ, როგორშიც ადრე შეიძლებოდა ჩავვარდნილიყავი....

თამთა ჯიჯავაძე